Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

4 წლის - #სახლში

28 დეკემბერი 2015

სოხუმი ...

შევდივართ ...

სახლი.

«ამრადან» ჩემი სახლისკენ დავიძარით. ქუჩის სახელი და სახლის ნომერი მავიწყდება. საკუთარი სახელის დავიწყებას ჰგავს. პერიოდულად შეგრძნებებს ვკარგავ და არაფერი მახსოვს. მეკითხება საით უნდა წავიდეთ. ბაბუს მეგობრებიც ღელავენ. უკვე გაიგეს რომ 23 წლის შემდეგ პირველად უნდა ვნახო სახლი. მშვიდობის პროსპექტი ამომიტივტივდა უცებ. ჩვენი მეგზური ხვდება გეზი საით აიღოს. არაფერი მახსოვს ისე ცხადად, როგორც სოხუმის სახლის მისამართი. პირადობის მოწმობასაც ამიტომ არ ვცვლი, რომ ეს მისამართი ხშირად ვნახო.  მრცხვენია გონების გათიშვის.

დავიძარით. მთავრობის სახლამდე გადავუხვიეთ, ცოტაც გავუყევით პროსპექტს და... აი აქ არის. ეს ქუჩაა - მეუბნება ნახევრად აფხაზი დამხვდური. ახლა ინალ იპა ჰქვია.  ეს, ეს აი ეს იასამნებია -ვანიშნებ მე. მგონი ის არის. ვაიმე... კი ეს პალმა მეცნობა, აი ამ პალმის ფოტო დეიდაჩემს დესკტოპზე აქვს.  არადა ირგვლივ რამდენიმე ერთნაირი კორპუსი დგას, თითქმის ყველას იასამნის ხეივანი ჩაუყვება. მარჯვნიდან არ მახსოვს კარგად - ვეუბნები და ვანიშნებ საით უნდა შევუხვიოთ. ვუყურებ და რომელიღაც  სახლის მარჯვენა ფლიგელისადმი სიახლოვის შეგრძნება მიჩნდება. გოგიების სახლის მხარეა. ჩემი სახლი აი იმ ნაწილშია, ამის ბოლოში, ვუთითებ და ვუახლოვდებით. ნამდვილად ეს არის. კი, კი,კი...

დუგ-დუგ-დუგ...

გავიარეთ, შემოვუხვიეთ. თითქოს ბურანიდამ გამოვდივარ და ქვეცნობიერის ქმედებაზე, რომელმაც იცნო 4 წლამდე ნანახი ადგილები, საპასუხო რეაქცია მაქვს. მგონი შემეშალა, ვამბობ და გარემოს ვათვალიერებ. შეძრული ვარ იმით რომ ვიცანი სახლის ის ფრაგმენტი საიდანაც ჩვენი ფანჯარა იასამნებს უყურებდა. აი ეს ფანჯრებია, გადაუკეთებიათ, სადგომის კარიც ამოვსებულია. მგონი შემეშალა, ვიმეორებ ისევ. ჩემი ნათლიის სახლს დავუწყე ძებნა. გრძელი, არაბუნებრივად გრძელი კიბე მახსოვს, მისი ქორწილის დღეს დიდხანს ვიდექი კიბის თავში და თითქოს ჩაბეჭდილი მაქვს ეს სცენა. თუ ვიპოვე ე.ი არ შევცდი. ვიპოვე. შეღებილი, შელამაზებული ჭიშკრის მიღმა ნამდვილად მისი სახლი და კიბეა. უფრო შორს მახსოვდა. მიმოვიხედე. ჩემი სახლის გასწვრივ დანგრეული სახლი დგას, ეს სადგომები არ იყო. ნუთუ ეს თამარას სახლია, მაშინაც ასე იყო დანგრეული. თამარა მხოლოდ ასე ვიცი, მისი ჩამოშლილი სახლით. გარემოს ვათვალიერებ. ახლა იოსელიანების სახლს ვეძებ. ქუჩის ბოლოშია მარჯვნივ. მაგრამ უფრო შორს უნდა იყოს. აქ რაღაც უცებ მთავრდება ქუჩა. ალბათ შემეშალა. დაბრუნებულზე დეიდაჩემი მეუბნება რომ არ შემშლია. უბრალოდ ახლა სხვა მასშტაბები ჰქონდა ქუჩას. მე მახსოვდა ისეთი როგორიც შეიძლება ოთხი წლის ასაკში აღმექვა.  

სახლისკენ ვაბრუნე პირი. ვუყურებ. ვათვალიერებ სხვების საცხოვრებლებსაც. ყველა ფანჯარას რომელიც მახსოვს ან უნდა მახსოვდეს. სადარბაზოში შევდივარ. კიბის საფეხურები მეცნობა. ისეთივეა. სამივე სახლის კარი შეკეთებული და შეცვლილია. ორი ჩვენია. #39 აწერია ერთ-ერთს. ვხედავ და ვრწმუნდები რომ ჩვენი სახლია. შესვლამდე საცხოვრებელი კორპუსის ყველა დეტალს გაფაციცებით ვათვალიერებ. რომელიღაც ფანჯრიდან ქალი ყოფს თავს და გვეკითხება რას ვაკეთებთ, რატომ ვიღებთ. ტურისტები არიან და ათვალიერებენ  - პასუხობს ჩვენი თანმხლები. ქალი არ ჩერდება, ხმას უწევს. აქ რა არის გადასაღები, ნატა და ნათია ბრაზდებიან უყურებენ  და რაღაცას ბუტბუტებენ. ბაბუა შორიდან გვიყურებს. ქალი არ ჩერდება, აქ რა გინდათ, გადასაღები რა არის, რა არის სანახავი.

უბრალო ხალხის ცხოვრებას ვეცნობით, პასუხობენ ჩემები.

მაშინ დავურეკოთ მთავრობასაც, იმათაც ნახონ. თუ რაღაც მსგავსს ამბობს ქალი და ბრუნდება ბინაში.

ამ დროს უკვე სადარბაზოში ვარ შესული. ისევ გამოდის და აგრძელებს ხმამაღლა ქოთქოთს.

წავედით, მთხოვს მეგზური, გამოვდივარ და მივდივართ.

მანქანაში ვჯდები. რამდენიმე წუთში ვხვდები რომ მარჯვენა ხელი მეწვის. ვუყურებ და ვხედავ არაბუნებრივად წითელი და ლურჯია. მთელი გზა, ვიდრე ისევ დავუბრუნდებოდით სასტუმრო აფხაზეთთან მომლოდინე ლალის და ბაბუს მეგობრებს, მთელი ძალით ვისრესდი თურმე.

 - მიხვდა რაზეც ვიყავით მისულები და შეეშინდა. სომეხი იყო - ამბობს მეგზური და ყველა ადასტურებს. რამდენჯერაც ამ ამბავს ვიხსენებ ამ ქალზეც ასე ვყვები. ზუსტად ასე. თან თავს უფლებას არ ვაძლევ რაც ბოლომდე არ ვიცი ის ვთქვა, თან მჯერა ოთხი ადამიანის ნათქვამის, თუ მინდა მჯეროდეს?! ესეც საკითხავია.  ამიტომ გადის სულ ბეწვის ხიდზე სომხურ-ქართული ურთიერთობები.

ნახე? მეკითხებიან - კი, კი ვიღიმი, ვნახე, ვნახე. რაღაცნაირად შეგრძნებების გარეშე ვარ ჯერ. მადლიერი  რომ ასე მშობლიურად მეკითხებიან. ისე, როგორც მჭირდებოდა.

ახლა მივხვდი რატომ გვეძახდა დედაჩემი პროვინციელებს - ვუთხარი ლალის და გამეცინა.

ჩვენს მეგზურს ვემშვიდობებით და მივდივართ. ქალაქის გასასვლელთან ვჩერდებით.

ზღვა...

მართლა ძნელია სხვა ზღვაში შესვლა და სხვა სანაპიროზე ყოფნა. მზეც როგორი ყოფილა?! წყალი,კენჭებიანი სანაპირო . არ ვაპირებდი, მაგრამ გავცურე. შორს ვიყურები. მზე სახეზე მითამაშებს. მერე სანაპიროზე ვჯდები, ვშრები, კენჭებს ვარჩევ და ზღვის ხმას ვიმახსოვრებ.

ფიქრის დრო არ არის. ჯერ გარემოა შესაგრძნობი. უკანა გზაზეც ყურადღებით ვაკვირდები ყველაფერს. მინდა კარგად, კარგად ჩამებეჭდოს ყველაფერი. დასახლებების სახელებზე ხან ვინ მახსენდება, ხან - ვინ. მართლა როგორი ყოფილა, მართლა, მართლა. თურმე არ აბუქებდნენ. მზე ანათებს. რა ენაღვლება.ანათებს. სიჩუმეში ანათებს...

ნაბაკევში ვბრუნდებით. ზედ საზღვარზე, ხურჩის ხიდთან, რუსულ ბაზასთან მდებარე პატარა რესტორანში ქართველი და აფხაზი მასპინძელი სუფრას შლიან.  ცოტა ხნით ადრე აფხაზმა სამხედროებმა დატოვეს ტერიტორია. ქართული სიმღერა და მუსიკა ისმის დიდხანს, ბოლო ხმაზე.

- - -

ენგურის ხიდისკენ მოვდივართ. ვცდილობთ მშვიდად ვიაროთ.  დაძაბულობა მაინც შესამჩნევია. მარტივად გადასაკვეთ მონაკვეთს არ ჰგავს. კონტროლდება. ენგურის ხიდი. ფეხი დავდგით. ყანყალებს მანქანების მოძრაობაზე და სულ მეფიქრება რომ ჩაინგრეს მერე რა იქნება?! მეურმეები გვხვდებიან და მახსენდება ერთის ნათქვამი. აგერ ხიდს აქეთ ციტრუსი არ ვარგა, გადახვალ აფხაზეთში და საოცრება ხარობსო. არადა რა მცირე მანძილიაო.

- - -

-  როგორია ჩვენი სახლი მეკითება თამუნა.(კვარაცხელია) რამდენიმე დღით გაასწრო ამ მოვლენას ამერიკაში. აქ რომ ყოფილიყო ალბათ სხვანაირად ვისაუბრებდით.

  • როგორია ჩვენი სახლი?! როგორია ჩვენი სახლი? დღემდე პირველად ნათქვამივით ჩამესმის ყურებში. რა უცნაურია, უცნაური, უცნაურია.ასე უნდა ეკითხა? ასე უნდა გვესაუბრა?!  

  • თურმე საიდან ვყოფილვართ თამუნა ვეუბნები მე და . . . არ მინდა ამაზე მეტი ვთქვა.

თამუნას 22 წელი აშორებს სახლს, მე - 23, მეორე თამუნასაც (კაკუბავა)  - 22. ერთი დანიაშია, მეორე შტატებში.  არადა იშვიათი გულწრფელი დიალოგები დევნილობის დროს განცდილზე მხოლოდ ჩვენ სამს გვქონდა. ალბათ ესეც ასე იყო საჭირო.

  • როგორია ჩვენი სახლი?

  • საოცარი. თუკი ისევ ჰქვია მას სახლი.

- - -

დავბრუნდი . . .  

მეორე კონცერტი რახმანინოვის ხელახლა დაბადება ყოფილა. დიდი დეპრესიიდან აღზევებით დაბრუნება.

სახლი მართლა მქონია. ის არც სინათლის სვეტია, არც უტოპია არც ილუზია. დგას, არის, გეყურება? გესმის?  ვუყურე, ვხედავ, ვერ შევეხე, შემეშინდა გამქარლიყო. მხოლოდ მოაჯირს გავუსვი ხელი.

თვე გადის. . .

და მერე რა არის ეს სახლი? ოთხი კედელი? ოთახები შენობის პირველ სართულზე? ქვის ნაგებობა?! არის კი სახლი ბებოს, ბაბუს, დეიდის, ბიძის, მამის, დედის, ძმების, აველი ბუძას, ნელი ბიცოლას ან ავთოს გარეშე სახლი?!

სახლი მდგომარეობა ყოფილა...

- - -

დაბრუნება არ იქნება. რა აზრი აქვს დაბრუნებას თუ არ გელოდებიან?! უკვე იმაზეც იწყებ ფიქრს გინდა ამდენი ტკივილი შენთვის და სხვისთვის?! მერე რა, რომ შენს სახლში შესახლდა. მიხვალ?! გააგდებ? შეგიძლია?!

- არ ვიცი...

ჩვენ, (ქართველები და აფხაზები) თუ ისევ გავერთიანდით მე ვიყიდი ამ სახლს იმისგან ვინც ახლა იქ ცხოვრობს. თუ არ გავერთიანდებით მაინც ვიყიდი!!!!

იქნებ იქაც ცხოვრობს პატარა გოგო, რომელიც სახლის ძიების უსასრულობისთვის არ უნდა გავწირო. ვიღაცამ ხომ უნდა დაასრულოს ციკლი.

ნეტავ ვინც სხვის სახლშია შეჭრილი ან ის ვინც ჩემს სახლში რას ფიქრობს?! რა უთხრეს ვისია სახლიო? რატომ ცხოვრობო აქ?!  ნეტავ ჩემნაირებზე თუ უფიქრია.

სულ ვეძებ და ჯერ ვერ შევხვდი ოთხი წლის გოგო, რომელიც არ გააგდეს, არამედ შევიდა და ცხოვრება დაიწყო სხვის მოცემულობაში.

. . .

სახლი თუ მდგომარეობაა ის არასდროს მექნება. იქნება სხვა, რაღაც ახალი, რომელსაც პერიოდულად დავუძახებ სახლს ან სახლისმაგვარს.

- - -

კონცერტი ორი. დაცლამდე ერთად ვართ მე და რახმანინოვი.

ბიოგრაფიას ვუსმენ... მთელი ცხოვრება სახლის შენება-დაკარგვა-ძიებაში გალია. ეს მისტიკა საბოლოოდ მარტყამს და ენერგია გამოცლილი ქვეყნიდან გავდივარ. მივდივარ სიმშვიდის და ძალის საპოვნელად რომ მოწოლილი ფიქრი გადავხარშო.- - -

ვბრუნდები . . . რამდენიმე დღეში ვგრძნობ რომ მიშველა.  

დღეს მებო ნუცუბიძის ახალი სიმღერა მოვისმინე

სახლზეა.

- - -

მე ვიყავი ოთხი წლის როდესაც ჩემი სახლიდან გამომაგდეს. ამ დროიდან ვიდრე დღემდე ჩემზე თქმული ყველა ამბავი, ყველა ენაზე იწყება ამით.

ვიღაცამ არც იფიქრა ისე გამწირა სამუდამო ომისთვის. ამ დღიდან დღემდე ვეძებ სახლს და ძალას, შევწყვიტო ომი!

მე-3 ნაწილის დასასრული 1 ნაწილი იხილეთ აქ მე-2 ნაწილი იხილეთ აქ მე-3 ნაწილი იხილეთ აქ
ანუნა ბუკია - ჟურნალისტი, ციფრული კომუნიკაციის და ახალი მედიის სპეციალისტი 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^